top of page

სიცოცხლე დიაგნოზის მიღმა: ძუძუს კიბო და ორსულობა

  • Writer: Kakhaber Baramidze
    Kakhaber Baramidze
  • Mar 10
  • 2 min read

ორსული ქალი თეთრ კაბაში დგას მინდორზე მზის ჩასვლისას, ხელები მაღლა აქვს აწეული და მის გარშემო მანათობელი ოქროსფერი წრეა გამოსახული.

      


ჩვენს წინა ბლოგებში “ორსულობა და ძუძუს ჯანმრთელობა : რატომ არის მამოლოგთან ვიზიტი გადამწყვეტი” და “თანამედროვე მამოლოგიის პარადიგმები” - ექიმის ხედვა ძუძუს ჯანმრთელობაზე” უკვე ვისაუბრეთ თანამედროვე მედიცინის მიდგომებსა და სტანდარტებზე ჯანმრთელი ქალის ორსულობისას სარძევე ჯირკვლების მდგომარეობის შესახებ, თუმცა ჩემი, როგორც მამოლოგისა და ონკოქირურგის ოცდახუთწლიანი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში, მრავალი რთული დიაგნოზის გახმოვანებაც მომიწია. თუმცა, ყველაზე მძიმე და ემოციური მომენტი კაბინეტში დგება მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პაციენტი, დიაგნოზის მოსმენის შემდეგ, შიშით სვამს კითხვას: „ შევძლებ ოდესმე დედა გავხდე?“  ონკოპაციენტი ქალბატონების უმრავლესობას აინტერსებს ისეთი საკითხები, როგორიცაა „ონკოპაციენტი და ორსულობა“ ან „ორსულობა ძუძუს კიბოს შემდეგ“ და ეს ბუნებრივიცაა.

ათწლეულების წინ მედიცინა ამ კითხვაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. დღეს კი, როგორც პროფესიონალი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ძუძუს კიბო აღარ ნიშნავს დედობაზე უარის თქმას.


პარადიგმის ცვლილება: მითები და მტკიცებულებითი მედიცინა

წლების განმავლობაში არსებობდა მყარი დოგმა, რომ ორსულობასთან დაკავშირებული ესტროგენისა და პროგესტერონის მკვეთრი მატება გამოიწვევდა დაავადების რეციდივს, განსაკუთრებით ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების დროს, თუმცა თანამედროვე, ფართომასშტაბიანმა მულტიცენტრულმა კვლევებმა ეს თეორია დაამსხვრია.

დღეს მტკიცებულებითი მედიცინა ადასტურებს, რომ ორსულობა წარმატებული მკურნალობის ფონზე არ აუარესებს პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს. მეტიც, „ჯანმრთელი დედის ეფექტი“ ორგანიზმზე პოზიტიურ იმუნოლოგიურ გავლენასაც კი ახდენს.


რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება (ონკორეპროდუქტოლოგია)

ყველაზე კრიტიკული ნაბიჯი მკურნალობის დაწყებამდე იდგმება. ქიმიოთერაპიულმა და ტარგენტირებულმა მედიკამენტებმა შესაძლოა, გამოიწვიოს საკვერცხის რეზერვის განლევა ან ნაადრევი მენოპაუზა. ამიტომ, ორსულობის დაგეგმვა ძუძუს კიბოს დიაგნოზისას იწყება ონკოლოგის, მამოლოგისა და რეპროდუქტოლოგის კონსილიუმით. ოქროს სტანდარტია ოოციტების (კვერცხუჯრედების) ან ემბრიონის კრიოკონსერვაცია სპეციფიკური თერაპიის დაწყებამდე. ეს თანამედროვე ტექნოლოგია ქალს უნარჩუნებს გენეტიკური შვილის ყოლის გარანტიას.


როდის არის ორსულობა უსაფრთხო?

კიდევ ერთი ხშირად დასმული კითხვაა: „რამდენ ხანში შეიძლება ორსულობა ქიმიოთერაპიის დასრულებიდან?“ პასუხი მკაცრად ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადი გაიდლაინებით, რეკომენდებულია მოცდა მინიმუმ 2-დან 3 წლამდე მკურნალობის დასრულებიდან. ეს არის ე.წ. „მაღალი რისკის ფანჯარა“, რომლის გადალახვის შემდეგ რეციდივის შანსი იკლებს. ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების შემთხვევაში, ენდოკრინული თერაპიის (მაგ. ტამოქსიფენი) დროებითი შეჩერება ორსულობის მიზნით, მკაცრი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ, თანამედროვე მედიცინაში უკვე დანერგილი  პრაქტიკაა.


დასკვნა

კიბო არ არის განაჩენი და ის ვეტოს არ ადებს დედობის პერსპექტივას. როგორც მამოლოგი, ჩემს კოლეგებთან ერთად ყოველდღიურად ვიბრძვი არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ მისი სიცოცხლის ხარისხის შესანარჩუნებლად. მთავარია, დროული, მულტიდისციპლინური მიდგომა და ნდობა თანამედროვე მედიცინის მიმართ.

გახსოვდეთ, მძიმე დიაგნოზის მიღმაც არსებობს მომავალი და ამ მომავალს ხშირად ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია.


გსურთ, მიიღოთ კვალიფიციური მამოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ დიაგნოსტიკური კვლევა თანამედროვე სტანდარტებით? მოგვმართეთ

დაგვიკავშირდით

სადაც გამოცდილება სიცოცხლეს იცავს

თქვენთვის საინტერესო მრავალ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ FAQ გვერდზე.

მიმართვის მიზეზი
ენა

ამ ფორმის გაგზავნით თანხმობას აცხადებთ უკუკავშირზე და ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

📍 კლინიკის ლოკაცია

ექიმთან ვიზიტის დაჯავშვნა ხდება ინდივიდუალურად

ჯავშნის დროისა და თარიღის დასაზუსტებლად, გადადით ბმულზე.

თბილისი, საქართველო

მარკეტინგი და ბიზნესურთიერთობა: 

📧 Business@KakhaberBaramidze.com

 

ზოგადი კითხვები/პაციენტის კითხვები:

📧 Care@KakhaberBaramidze.com

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 ლოკალური: 032 225 90 50

გამომყევით სოციალურ ქსელებში

  • Book logo library
  • Instagram
  • Facebook
  • Linkedin

    KakhaberBaramidze.com

    © 2026 KakhaberBaramidze.com. ყველა წესი დაცულია. 

    bottom of page