top of page

სიმაგრე და ტკივილი ძუძუში: როდის არის საშიში? – მამოლოგის პრაქტიკული რჩევები

  • Writer: Kakhaber Baramidze
    Kakhaber Baramidze
  • Feb 9
  • 2 min read

Updated: May 16

ძუძუს ტკივილისა და ანთების ილუსტრაცია: ქალი ეხება მკერდის შეწითლებულ და მტკივნეულ უბანს, წინა პლანზე კი ვარდისფერი ლენტი და სამედიცინო დაფაა.


სარკესთან დგომისას ან შხაპის მიღებისას, ხელის შეხებით მკერდში რაღაც „უცხოს“ პოულობთ. ან იქნებ, უბრალოდ ყრუ ტკივილი გაღვიძებთ ღამით. პირველი რეაქცია - პანიკა, ხელები გიკანკალებთ და ტელეფონში კრეფთ: „ძუძუს ტკივილი” ან “სიმაგრე სარძევე ჯირკვალში“. როგორც წესი, ყველაზე ცუდ სცენარებს ვკითხულობთ სხვადასხვა საძიებო სისტემებსა და ფორუმებზე. როგორც პრაქტიკოსი მამოლოგი, გეტყვით: ინტერნეტი არ არის ექიმი! თქვენი შიშების 90% უსაფუძვლოა, თუმცა ყურადღება აუცილებელია! მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რაც რეალურად ხდება ქალის ორგანიზმში.


1. ძუძუს ტკივილი (მასტალგია) – ჰორმონები თუ პრობლემა?

კითხვა „რატომ მტკივა სარძევე ჯირკვლები ციკლის წინ?“ ჩემი კაბინეტის ყველაზე ხშირი სტუმარია. ახალგაზრდა ქალებში ტკივილი უმეტესად ციკლურია. მენსტრუაციის წინ თქვენი ორგანიზმი „ჰორმონალურ ქარიშხალშია“: ჯირკვალი სივდება, მძიმდება და მგრძნობიარე ხდება. ეს ფიზიოლოგიური ნორმაა და მას მასტალგია ეწოდება.

როდის არის ტკივილი საყურადღებო?

  • თუ ტკივილი არ არის დამოკიდებული ციკლზე.

  • თუ ტკივილი ლოკალიზებულია მხოლოდ ერთ წერტილში.

  • თუ თან ახლავს კანის სიწითლე ან ტემპერატურის მატება.


2. „ბურთულა“ ძუძუში – რა არის ფიბროადენომა?

ქალბატონებში აღმოჩენილი კვანძების უმეტესობა ფიბროადენომაა. ეს არის კეთილთვისებიანი, მკვრივი და მოძრავი წარმონაქმნი, რომელიც „თაგვივით“ დარბის თითების ქვეშ. ნებისმიერი ფიბროადენომის მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს მამოლოგი კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 

ხშირად გვხვდება ასევე ძუძუს კისტა– სითხით სავსე პატარა და დიდი ბუშტუკები, რომლებიც ძირითადად ჰორმონალური დისბალანსის ფონზე ჩნდება.


3. როდის უნდა ჩატარდეს სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია?

ახალგაზრდა ასაკში (40 წლამდე) რუტინულად ტარდება სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია.

  • რატომ არა მამოგრაფია? 40 წლამდე ქალებში სარძევე ჯირკვლის ქსოვილი მკვრივია, რაც მამოგრაფიას არაეფექტურს ხდის. ექოსკოპია კი იდეალურად ხედავს ნებისმიერ სტრუქტურულ ცვლილებას.

  • საუკეთესო დრო: კვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის მე-5-დან მე-10 დღემდე.


4. თვითგასინჯვა – თქვენი მთავარი იარაღი


ძუძუს თვითგასინჯვის ინსტრუქცია 3 ნაბიჯად: ვიზუალური დათვალიერება სარკესთან, პალპაცია (ხელით გასინჯვა) და იღლიის ფოსოს შემოწმება.

არ დაელოდოთ ტკივილს. თვეში ერთხელ, ციკლის დასრულებიდან V-X დღეს ჩაიტარეთ ძუძუს თვითგასინჯვა.

. როგორც ექიმი, გეტყვით, რომ თვითგასინჯვის ტექნიკის ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროცედურა. არასწორმა პალპაციამ (შეხებამ) შესაძლოა ფუჭი განგაში გამოიწვიოს ან, პირიქით, რეალური პრობლემა გამოგვაპაროს.

აი, ინსტრუქცია, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს:


ნაბიჯი 1: ვიზუალური დათვალიერება

დადექით სარკის წინ გამართული, ხელები ჩამოუშვით გასწვრივ. დააკვირდით:

  • ხომ არ შეცვლილა ძუძუს ფორმა ან ზომა?

  • ხომ არ არის კანზე სიწითლე, ჩაზნექილი ადგილი ან ე.წ. „ფორთოხლის კანის“ ეფექტი?

  • ხომ არ შეიცვალა დვრილის მდებარეობა (მაგალითად, ხომ არ არის შიგნით ჩაზნექილი)?

შემდეგ ასწიეთ ხელები თავს ზემოთ და იგივე დაკვირვება გაიმეორეთ. ამ დროს კარგად ჩანს ჯირკვლის ქვედა ნაწილები და სიმეტრია.

 

ნაბიჯი 2: პალპაცია (ხელით გასინჯვა)

ეს ეტაპი უმჯობესია ჩაიტაროთ შხაპის მიღებისას ან წოლით მდგომარეობაში, რადგან საპნიანი კანი ან ჰორიზონტალური პოზიცია აადვილებს ქსოვილის სიღრმისეულ შეგრძნებას.

  1. გამოიყენეთ თითების ბალიშები: გამოიყენეთ მარჯვენა ხელის შუა სამი თითი მარცხენა ძუძუს შესამოწმებლად და პირიქით.

  2. მოძრაობის ტრაექტორია: ამოძრავეთ თითები წრიულად (საათის ისრის მიმართულებით), ცენტრიდან პერიფერიისკენ ან ვერტიკალური ხაზებით – ზემოდან ქვემოთ.

  3. ზეწოლის ძალა: გამოიყენეთ სამი დონის დაწოლა: მსუბუქი (ზედაპირული ფენისთვის), საშუალო და ძლიერი (ნეკნებთან ახლოს მდებარე ქსოვილისთვის).


ნაბიჯი 3: იღლიის ფოსო და დვრილები

არ დაგავიწყდეთ იღლიის მიდამოს შემოწმება, რადგან სარძევე ჯირკვლის ქსოვილი იქამდეც ვრცელდება და ლიმფური კვანძებიც სწორედ აქ მდებარეობს. ბოლოს, მსუბუქად მოუჭირეთ დვრილს თითები – დარწმუნდით, რომ არ გაქვთ გამონადენი 

რა უნდა ქნათ, თუ რაღაც „უცხო“ იგრძენით?

თუ აღმოაჩინეთ მკვრივი კვანძი, უსწორმასწორობა ან უჩვეულო გამონადენი, ნუ ჩავარდებით პანიკაში. 

თქვენი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მამოლოგის კონსულტაცია - იგი ზუსტად გვეტყვის, რა ხდება სინამდვილეში და დაგიბრუნებთ სიმშვიდეს.


ექიმის რჩევა: რეგულარული, პროფილაქტიკური მამოლოგიური გამოკვლევა-კონსულტაცი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისა და მშვიდი ცხოვრებისათვის.


გსურთ, მიიღოთ კვალიფიციური მამოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ დიაგნოსტიკური კვლევა თანამედროვე სტანდარტებით?



დაგვიკავშირდით

სადაც გამოცდილება სიცოცხლეს იცავს

თქვენთვის საინტერესო მრავალ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ FAQ გვერდზე.

მიმართვის მიზეზი
ენა

ამ ფორმის გაგზავნით თანხმობას აცხადებთ უკუკავშირზე და ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

📍 კლინიკის ლოკაცია

ექიმთან ვიზიტის დაჯავშვნა ხდება ინდივიდუალურად

ჯავშნის დროისა და თარიღის დასაზუსტებლად, გადადით ბმულზე.

თბილისი, საქართველო

მარკეტინგი და ბიზნესურთიერთობა: 

📧 Business@KakhaberBaramidze.com

 

ზოგადი კითხვები/პაციენტის კითხვები:

📧 Care@KakhaberBaramidze.com

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 ლოკალური: 032 225 90 50

გამომყევით სოციალურ ქსელებში

  • Youtube
  • National Parliamentary Library of Georgia
  • Instagram
  • Facebook
  • Linkedin

    KakhaberBaramidze.com

    © 2026 KakhaberBaramidze.com. ყველა წესი დაცულია. 

    bottom of page