სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები: პერსონალიზებული სკრინინგი და ინოვაციური მიდგომები
- Kakhaber Baramidze

- May 16
- 3 min read

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი დროული და ზუსტი დიაგნოსტიკაა. თანამედროვე მედიცინამ მნიშვნელოვნად გადაინაცვლა "ერთი სტანდარტი ყველასთვის" (One-size-fits-all) მოდელიდან პერსონალიზებული სკრინინგისკენ. ეს ნიშნავს, რომ სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის მეთოდები ირჩევა პაციენტის ასაკის, რისკ-ფაქტორების, გენეტიკური წინასწარგანწყობისა და სარძევე ჯირკვლის ქსოვილის სიმკვრივის გათვალისწინებით.
ჩვენ განვიხილავთ ძუძუს დიაგნოსტიკის იმ უახლეს და "ოქროს სტანდარტად" აღიარებულ მეთოდებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ეყრდნობიან (ACR, ESMO, EUSOBI და NCCN გაიდლაინების მიხედვით).
მამოგრაფია — თანამედროვე სკრინინგის ოქროს სტანდარტი
მამოგრაფია წარმოადგენს ძუძუს დაბალდოზიან რენტგენოლოგიურ კვლევას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია ძუძუს კიბოს სკრინინგის ძირითად მეთოდად.
მისი მთავარი უპირატესობაა:
• მიკროკალცინატების აღმოჩენა;
• მცირე, არაპალპირებადი კვანძების გამოვლენა ;
• პრეკლინიკური სტადიების დიაგნოსტიკა ;
• სიმსივნის ადრეული აღმოჩენა სიმპტომების გაჩენამდე .
თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, საშუალო რისკის ქალებში სკრინინგული მამოგრაფია რეკომენდებულია 40 წლიდან.
ტრადიციული (ანალოგური) 2D მამოგრაფია დღეს უკვე 3D ტომოსინთეზმა ჩაანაცვლა.
3D მამოგრაფიის დროს რენტგენის აპარატი მოძრაობს სარძევე ჯირკვლის გარშემო რკალისებურად და იღებს მრავალ შრეს, ამცირებს ცრუ-დადებითი პასუხების რიცხვს და ზრდის ინვაზიური კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებელს.
ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) თანამედროვე რეჟიმებით
ულტრაბგერითი გამოკვლევა პირველი რიგის კვლევას წარმოადგენს 40 წლამდე ასაკის, ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
მაღალი გარჩევადობის ექოსკოპია გვეხმარება ზუსტად გავმიჯნოთ სითხიანი წარმონაქმნი (კისტა) სოლიდური (მკვრივი) კვანძისგან.
ელასტოგრაფია (Elastography) კი აფასებს წარმონაქმნის სიმკვრივესა და ელასტიურობას. ელასტოგრაფია არ ანაცვლებს ტრადიციულ ექოსკოპიას ან მამოგრაფიას, არამედ ავსებს მათ. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოზის სიზუსტეს და ეხმარება ექიმს სწორი ტაქტიკის შერჩევაში. პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო.
მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვისას ულტრასონოგრაფია ხშირად შეუცვლელ ინფორმაციას გვაწვდის ლიმფური კვანძებისა და რბილი ქსოვილების მდგომარეობის შესახებ.
სარძევე ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (Breast MRI)
MRI არის ყველაზე მგრძნობიარე მეთოდი (მგრძნობელობა >90%) ძუძუს კიბოს გამოსავლენად. ის სრულდება ინტრავენური კონტრასტირებით და სავალდებულოა:
• გენეტიკური მუტაციის (BRCA1/BRCA2) მატარებელი ქალებისთვის;
• პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი სიცოცხლის მანძილზე >20%.
• დადგენილი კიბოს გავრცელების ზუსტი მასშტაბის შესაფასებლად ოპერაციამდე;
• ქიმიოთერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისთვის (ნეოადიუვანტური მკურნალობისას).
კონტრასტირებული სპექტრული მამოგრაფია (CESM)
ეს არის ინოვაციური ალტერნატივა MRI-სთვის. მეთოდი ეფუძნება ნეოანგიოგენეზის (სიმსივნის მიერ ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის) პრინციპს. ეს მეთოდი აერთიანებს კლასიკურ მამოგრაფიას და ინტრავენურ კონტრასტირებას .
იგი განსაკუთრებით ეფექტურია: საეჭვო კერების შეფასებისას, მკვრივი ძუძუს დროს და MRI-ს ალტერნატიულ სიტუაციებში.
მორფოლოგიური ვერიფიკაცია: ინტერვენციული დიაგნოსტიკა (ბიოფსია)
ვერცერთი გამოსახულებითი მეთოდი ვერ ანაცვლებს ჰისტოლოგიურ დიაგნოზს.
თუ კვლევით გამოვლინდა საეჭვო ცვლილება, აუცილებელია ქსოვილის მორფოლოგიური შეფასება. თანამედროვე მამოლოგიაში გამოიყენება :
• წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNAB): ძირითადად გამოიყენება კისტების დასაცლელად ან ლიმფური კვანძების გამოსაკვლევად;
• მსხვილნემსიანი (Core Needle) ბიოფსია: ოქროს სტანდარტი. იძლევა ქსოვილის სვეტს, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არა მხოლოდ კიბოს არსებობა, არამედ მისი ბიოლოგიური ქვეტიპი (რეცეპტორული სტატუსი: ER, PR, HER2, Ki-67), რაც მკურნალობის დაგეგმვის ქვაკუთხედია;
• ვაკუუმ-ასისტირებული ბიოფსია (VAB): გამოიყენება მცირე ზომის მიკროკალცინატების ამოსაღებად და ზოგჯერ, კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (ფიბროადენომა, პაპილომა) სრულად მოსაშორებლად ოპერაციის გარეშე.
ძუძუს პერსონალიზებული დიაგნოსტიკა :
თანამედროვე მიდგომა უკვე აღარ ეფუძნება პრინციპს — „ერთი კვლევა ყველასთვის“. დღეს დიაგნოსტიკა ინდივიდუალურად იგეგმება და ითვალისწინებს:
• პაციენტის ასაკს ;
• ძუძუს სიმკვრივეს ;
• ოჯახურ ანამნეზს ;
• ჰორმონულ სტატუსს ;
• წინა კვლევების შედეგებს ;
• გენეტიკურ რისკებს - სპეციფიკური გენეტიკური კვლევების (მაგ. BRCA მუტაციების) საფუძველზე, რაც განაპირობებს ინდივიდუალური, გაძლიერებული სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებას;
გენეტიკური ტესტირება და რისკების შეფასება
ვინაიდან ძუძუს კიბოს შემთხვევების გარკვეული პროცენტი მემკვიდრეობითია, თანამედროვე დიაგნოსტიკაში გენეტიკურ კვლევას (BRCA1, BRCA2 და სხვა გენების ტესტირებას) კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. დამძიმებული ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური ტესტირება საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ დაავადების განვითარების რისკი. გენეტიკური მუტაციის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტის სკრინინგის პროტოკოლი იცვლება — ის იწყება გაცილებით ადრეულ ასაკში და სავალდებულოდ მოიცავს სარძევე ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI).
თანამედროვე NCCN რეკომენდაციები უკვე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებასაც რისკის შეფასებაში, რაც პერსონალიზებული სკრინინგის ახალ ეტაპად მიიჩნევა.
სარძევე ჯირკვლის დაავადებების კვლევა და მართვა მულტიდისციპლინური პროცესია, სადაც რადიოლოგის, მამოლოგ-ქირურგის, პათომორფოლოგისა და ონკოლოგის ერთობლივი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ძუძუს კიბო შემთხვევათა 95%-ზე მეტ შემთხვევაში სრულად იკურნება. აირჩიეთ სწორი სკრინინგული მიდგომა თქვენს ექიმთან ერთად და გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიების სრული პოტენციალი.
გსურთ, მიიღოთ კვალიფიციური მამოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ
დიაგნოსტიკური კვლევა თანამედროვე სტანდარტებით?



